logo
ENG



გირჩი: თუ მთავრობა შეზღუდვებს არ მოხსნის, "ანტივირუსული" ქმედებების წინააღმდეგაც გამოვიდეთ

05 ნოე 202019:45
3 წუთის საკითხავი
 
გირჩი: თუ მთავრობა შეზღუდვებს არ მოხსნის, "ანტივირუსული" ქმედებების წინააღმდეგაც გამოვიდეთ

პარტია გირჩი ოპოზიციას ურჩევს, გაემიჯნონ ვირუსთან შეზღუდვებით ბრძოლის სტრატეგიას და მხარი დაუჭირონ იძულებითი შეზღუდვების დაუყონებლივ გაუქმებას, - ამის შესახებ პარტიის საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი. 

გარდა ამისა, გირჩი მოუწოდებს მთავრობას, არ მიიღოს არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება აღქმული იყოს 8 ნოემბრის პოლიტიკური აქციის ორგანიზებაში ხელის შეშლად.

"გაზაფხულიდან ვირუსთან ბრძოლა ხელისუფლების პოლიტიკურ იარაღად იქცა.
თუ ადრე მოსახლეობაზე მზრუნველობის მოტივით ადამიანების დევნა, მმართველი პარტიის რეიტინგის ზრდას ემსახურებოდა, ახლა ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით გამოიყენება.

შეზღუდვები ანადგურებს ეკონომიკას, ქმნის პოლიტიკური დაძაბულობისთვის ხელსაყრელ ფონს იმ პირობებში, რომ ვერანაირ პოზიტიურ გავლენას ინფექციის გავრცელებაზე ვერ ახდენს და ეპიდემიას უფრო საშიშადაც აქცევს.

ასეთი მიდგომა არ აძლევს ადამიანს შესაძლებლობას, გამიჯნოს, თუ რა არის ნამდვილი თავდაცვის საშუალება და რა არის პოლიტიკური სპექტაკლის ნაწილი.

მოვუწოდებთ და ვურჩევთ მთავრობას, არ მიიღოს არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია დაანონსებულ შეზღუდვებთან და რაც შეიძლება აღქმული იყოს 8 ნოემბრის პოლიტიკური აქციის ორგანიზებაში ხელის შეშლად.

პოლიტიკურ ოპოზიციას და ოპოზიციურ მედიას ვურჩევთ, გაემიჯნონ ვირუსთან შეზღუდვებით ბრძოლის სტრატეგიას და დაუჭირონ მხარი იძულებითი შეზღუდვების დაუყონებლივ გაუქმებას და ქვეყნის საზღვრების გახსნას.

მთავრობის მიერ შეზღუდვების არმოხსნის და დაანონსებული ახალი შეზღუდვების ამოქმედების შემთხვევაში, მოგიწოდებთ ყველას, 8 ნოემბერს არა მხოლოდ გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ, არამედ მთავრობის "ანტივირუსული" ქმედებების წინააღმდეგაც გამოვიდეთ, რომლებმაც ამ უმძიმეს სიტუაციამდე მიგვიყვანა", - აღნიშნულია გირჩის განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის  2 401  ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რაც შეეხება უკვე არსებულ შეზღუდვებს, 4 ნოემბრიდან დახურულ და ღია სივრცეში პირბადის ხმარება სავალდებულო გახდა. გარდა ამისა, საქართველოს დიდ ქალაქებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. მანამდე კიდევ ერთი შეზღუდვა, რომელიც საკოორდინაციომ შემოიღო, არის 22:00 საათის შემდეგ რესტორნების დახურვა. 

აღსანიშნავია, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში საპროტესტო ტალღა დაიწყო. ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე ალაპარაკდა, რის გამოც ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მოქალაქეები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ყოველდღიურად, აქციებისა და მსველობების მეშვეობით ითხოვენ. კვირას, 8 ნოემბერს თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია არის დაგეგმილი. 

 


close დახურვა